"არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" მიერ დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონიანი სესხი გამოიყოფა

  სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” მიერ დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის სესხი გამოიყოფა. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა ცნობად იღებს, რომ სს “სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” მიმართ დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილი აქვს დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანებები, რის გამოც აღნიშნულ დაწესებულებებს ფინანსური სირთულეები შეექმნათ.
სამედიცინო დაწესებულებების მიერ სამედიცინო მომსახურებების უწყვეტად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის მიზნით კი, მთავრობა გასცემს განკარგულებას, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯანდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საბიუჯეტო სესხის გასაცემად გამოიყოს საკრედიტო რესურსი – 5 მილიონი ლარი. ამავე განკარგულების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა წარადგინოს წინადადებები კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისათვის გასაცემი სესხის ოდენობისა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული პირობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები