საკრებულოში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი.
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ფოიეში ქეთი კავალსკის ფოტო-გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო იმ ქალბატონების ფოტოები, რომლებიც ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან. აღნიშნული კამპანიის მიზანია, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.
ღონისძიება „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, „ევროპა დონა საქართველოს“, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ცნობილი მომღერლები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრის სტატუსით ღონისძიებზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები და პაციენტები.