გიორგი თავდგირიძე: პუტინის გარდაცვალებასთან ერთად მოკვდება პუტინის რუსეთი

„პუტინის გარდაცვალებასთან ერთად მოკვდება პუტინის რუსეთი“ – ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო ატეხილ სკანდალს.
გიორგი თავდგირიძის განცხადებით, „პუტინის რუსეთის” სიკვდილი ლოგიკურად ნიშნავს სხვა, ახალი რუსეთის წარმოქმნას. „პუტინის გარდაცვალებასთან ერთად მოკვდება პუტინის რუსეთი, ეს არის ყველა იმ სახელმწიფოს ხვედრი, სადაც სახელმწიფო მხოლოდ პიროვნებაზე და მის სიძლიერეზე დგას. “პუტინის რუსეთის” სიკვდილი, ლოგიკურად ნიშნავს სხვა, ახალი რუსეთის წარმოქმნას, მაგრამ ეს სხვა თემაა, უბრალოდ, პუტინის დასასრული ნიშნავს, რომ ბევრ რეგიონს “გაახსენდება” ელცინის რუსეთი და ფართო ავტონომია, რომელიც მათ ჰქონდათ და წაართვეს. ეს გარდაუვალი რეალობაა. ამ შემთხვევაში კრემლის წინაშე პრობლემათა და გადასაჭრელ ამოცანათა ძალიან ფართო სპექტრი დადგება. მთავარი პრობლემა, ეს არის “კრემლის ახალი პატრონის” ძალაუფლების სიხისტე, რაც უკვე ნიშნავს (თუნდაც პირველ ეტაპზე) კომპრომისებსა და დათმობებს მოკავშირეების მოსაძებნად. ყველა დათმობა ამა თუ იმ პროცესის თვითდინებაზე მიშვებას ნიშნავს. ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დიალოგის კულტურა არ არსებობს, ეს რაში გადაიზრდება ყველა ხვდება. ცენტრიდანული პროცესების გაძლიერებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ყირიმის პრეცედენტმა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კვაზი დამოუკიდებლობამ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საზღვრების ხელშეუხებლობისა და უზენაესობის მითი დაამსხვრია. კრემლმა დაამკვიდრა პრინციპი, სუსტს ართმევენ, ძლიერები იერთებენ. ამიტომ, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი “ჭირისუფალი” და გულშემატკივარი ( ნუ, პლიუს ქართველი რუსეთუმეები) ჰყავს. ამიტომ, უახლოესი ეპოქა იქნება ტერიტორიული და მატერიალური გადანაწილების “ველური” პერიოდი, რომელშიც ჩვენც ვიქნებით მინიმუმ ჩათრეული“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები