რატომ ყიდულობენ ახალგორში ჩეჩნები სახლებს

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნები საქართველოში, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ქართველების მიერ მიტოვებულ და დანგრეულ სახლებს დროებით ყიდულობენ, – ამის შესახებ “კვირას” ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა ლიდერმა დიმიტრი სანაკოევმა განუცხადა.
როგორც სანაკოევი აცხადებს, ეთნიკური ჩეჩნები ქართველებისგან მიტოვებულ სახლებს დროებით საცხოვრებლად იყენებენ. მისივე თქმით, ჩეჩნები ახალგორის რაიონში გზების რეაბილიტაციაზე მუშაობენ და საცხოვრებლად ქართველების საცხოვრებელ სახლებს იყენებენ.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალგორის რაიონში სამშენებლო კომპანიას, რომლის სახელწოდებაც ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, გზა გაჰყავს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჩეჩნები მუშაობენ და, ბუნებრივია, საცხოვრებელი სახლები მათ სჭირდებათ, ამიტომაც ქართველების მიერ მიტოვებულ სახლებს საცხოვრებლად იყენებენ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას დიმიტრი სანაკოევმა.
როგორც „კვირას“ ახალგორიდან სანდო წყარომ განუცხადა, ახალგორში გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია.
მისივე თქმით, საავტომობილო გზა ახალგორიდან პირდაპირ ცხინვალს უკავშირდება და ავტომობილებით მოძრაობა ინტენსიურია.
„გზის მშენებლობას აწარმოებდა ცხინვალის საავტომობილო სამმართველო. სადაც მუშაობდნენ ჩეჩნები, ინგუშები, ოსები და ქართველებიც კი. ეს ის ქართველები არიან, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საცხოვრებელი სახლები არ მიატოვეს და იქ დარჩნენ. ქართველები მუშებად მუშაობენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დრომდე არცერთი მიტოვებული სახლი არ გაყიდულა.
ჩემთვის ცნობილია, რომ მიტოვებულ სახლებს დროებით საცხოვრებელ სახლებად იყენებენ, ან ქირაობენ, ანუ ბინის ქირას იხდიან“, – აღნიშნა მან. თუმცა, სანდო წყარომ არ დააკონკრეტა ბინის ქირავნობის შემთხვევაში, თანხას ვის უხდიან.
„კვირა“ პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარეს ზაურ გუმაშვილსაც დაუკავშირდა. თუმცა, ის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო „kavkazone“ -ს ინფორმაციით, საქართველოში, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ქართველების მიერ მიტოვებულ და დანგრეულ სახლებს ჩეჩნები ყიდულობენ. გამოცემის ინფორმაციითვე, რაიონში ჩეჩენ მშენებელთა ბრიგადაცაა, რომლებიც დანგრეულ სახლებს თავიდან აშენებენ. მშენებელთა ბრიგადა დაახლოებით 80 ჩეჩენი მამაკაცითაა დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები