საქართველოს მომავალი ელჩი 2008 წლის ომის დროს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს კურირებდა

საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი შესაძლოა, იან კროუფორდ კელიმ შეცვალოს. აშშ-ს ამჟამინდელ ელჩს ის ზაფხულში ჩაანაცვლებს.
კელის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასახელა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მომავალი ელჩი საქართველოში გამოცდილი დიპლომატია. კელი ამერიკაში, ილინოისის შტატში, ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა. კოლუმბიის უნვერისტეტში სწავლისას, ის რუსულ ენასაც ეუფლებოდა. 1987-1990 წლებში ლენინგრადსა და მოსკოვში კულტურის სამინისტროში ატაშედ მუშაობდა. დასაქმებული იყო აშშ-ის სალჩოში, ანკარაში, (1997-2000), რომში, (2000-2004) და წლების მანძილზე წარმოადგენდა აშშ-ის ინტერესებს ეუთოში.
კელის კარიერიდან აღსანიშნავია ისიც, რომ 2007-2009 წლებში ის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს კურირებდა და საქართველო-რუსეთის ომის დროს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და აზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი იყო. 2009 -2010 წლებში კელი ჰილარი კლინტონის პრესსამსახურშიც მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სენატი კელის კანდიდატურას მოიწონებს, რიჩარდ ნორლანდს ის ზაფხულში ჩაანაცვლებს. ამჟამინდელი ელჩი კი მოხარულია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე თეთრმა სახლმა კელის კანდიდატურა წამოაყენა. ის აცხადებს, რომ კელი გამოცდილი და პროფესიონალი დიპლომატია.
“პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში მომავალი ელჩის თანამდებობაზე კარიერის დიპლომატი იან კელი წარადგინა. მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს. თბილისში მის ჩამოსვლას ზაფხულის მიწურულს, ჩემი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ველოდებით. პროფესიული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია იმ ადგილის დატოვებაზე ფიქრი, რომელიც გაიცანი და შეიყვარე, მაგრამ ეს ამ პროფესიის თვისებაა. გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე”, – ნათქვამია საქართველოში, აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები