საქართველოში ვიზიტით შეერთებული შტატების სავაჭრო მისია იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში 4 -დღიანი ვიზიტით შეერთებული შტატების სავაჭრო მისია იმყოფება. სამინისტროს ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის სავაჭრო მისია ადგილზე გაეცნობა და შეისწავლის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, დღეს, ფუნიკულიორზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრენ. მათ შორის იყო 9 ამერიკული კომპანია, რომლებიც საქართველოში შემდეგი სფეროებით არიან დაინტერესებულნი: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.
შეხვედრაზე ქართული მხრიდან წარმოდგენილი იყვნენ სახელმწიფო უწყებები და საინვესტიციო ფონდები.
ღონისძიება ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მთავარი აქცენტი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავ რჩება მოწინავე ინვესტორ ქვეყნად საქართველოში.
„ქვეყნის ეკონომიკა ინტერესთა მრავალფეროვან სფეროს წარმოადგენს მზარდი რაოდენობის ინვესტორებისთვის. ამ სფეროთაგან აღსანიშნავია: ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, უძრავი ქონება და ტურიზმი, რომლებიც ავლენენ მზარდ დინამიკას და პოტენციალს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ამერიკიდან საქართველოს ეკონომიკაში 2014 წელს 80 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 78%-ით აღემატება 2013 წლის მონაცემებს. (45მლნ დოლარი)“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამინისტროს განმარტებით, 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, შეერთებული შტატების მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 5 ეკონომიკურ სექტორზე მოდის: ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, საფინანსო სექტორზე, მშენებლობაზე, სამთომოპოვებით მრეწველობასა და უძრავ ქონებაზე. 1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 52,1 მლნ დოლარი; 2. საფინანსო სექტორი -16,5 მლნ დოლარი; 3. მშენებლობა – 8,5 მლნ დოლარი; 4. სამთომოპოვებით მრეწველობა – 3,1 მლნ დოლარი; 5. უძრავი ქონება – 1,3 მლნ დოლარი.
2014 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1272 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35.1 პროცენტით – ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები