საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის 3-ნაწილიანი გეგმა აქვს

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის 3-ნაწილიანი გეგმა აქვს. როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გეგმა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებს მოიცავს.
“ჩვენი გეგმა იყოფა სამ ნაწილად. ეს არის მოკლევადიანი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ 2015 წლის მარტი-ივნისის პერსპექტივაში, საშუალოვადიანი, რომელიც გათვლილია 2015 წლის ბოლომდე და გრძელვადიანი – მოიცავს 2015-2017 წლებს. რა თქმა უნდა, ეს კლასიკური გაგებით არ წარმოადგენს გრძელვადიან ჰორიზონტს, თუმცა ჩვენ სავალუტო კრიზისის სტაბილიზაციის ფარგლებში ამ პერიოდს განვიხილავთ, ვინაიდან იმ დევალვაციას, რომელიც გვაქვს, ეფექტი ექნება და ეს ეფექტი ორ თვეში არ ამოიწურება. მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმა გახლავთ, პირველ რიგში, პრივატიზაციის დაჩქარება და მთელი რიგი საპრივატიზაციო ობიექტების უფრო დაჩქარებულ რეჟიმში რეალიზაცია. შემდეგი, რა თქმა უნდა, არის ტურიზმის მნიშვნელოვანი წახალისება გაძლიერებული კამპანიით, რასაც უკვე ვახორციელებთ. ასევე ეს გახლავთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, რაც საინვესტიციო და ბიზნესფორუმების რეჟიმში ინვესტორებთან პირდაპირ და ორმხრივ რეჟიმში გაძლიერებულ მუშაობას გულისხმობს. ეს არის ასევე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რომელსაც ყოველთვის აქვს დადებითი ეფექტი ბიზნესგარემოზე ბიზნესისთვის მეტი ჟანგბადის დატოვების კუთხით, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც აუცილებლად გულისხმობს დამატებითი უცხოური სესხების აღებას სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტიდან და ამ კუთხით დამატებითი საინვესტიციო პორტფელის დაფინანსებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მასტიმულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები