გულიკო ზუმბაძე სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის გასვლით სხდომაში მონაწილეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ,,შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტერგაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციას ესწრება.
საკრებულოს დეპუტატი სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის გასვლით სხდომაში მონაწილეობს, რომელიც 11-13 მარტს კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში“ მიმდინარეობს.
აღნიშნულ სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი თინათინ ღოღელიანი და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებიან. სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის განახლებული შემადგენლობის წარდგენის შემდეგ, სხდომის მონაწილეები სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ სამოქმედო გეგმას განიხილავენ, რომელიც კანონის უზენაესობას, განათლებას, მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, სოციალურ და რეგიონულ ინტეგრაციას, ასევე კულტურასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ეხება.
გასვლითი სხდომის დასასრულს დამსწრე საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის წევრებს შორის დისკუსია გაიმართება, რის შემდეგაც სხდომის ყველა მონაწილე საკუთარ ხედვებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები