ძილი ინარჩუნებს ემოციურ მოგონებას და შლის ნეიტრალურს

ძილი ხელს უწყობს ემოციური მოგონების შენახვას იმის ხარჯზე, რომ საშუალებას აძლევს თავის ტვინს დაივიწყოს ნეიტრალური მოვლენები, ნათქვამია ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჟურნალ „Psychological Science”-ის აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში.
კვლევის ავტორებმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბეტ ისრაელის ცენტრისა და ბოსტონის კოლეჯის მეცნიერებმა, დაასკვნეს, რომ ძილის პერიოდი ეხმარება თავის ტვინს იმ მოვლენების შენახვაში, რომლებმაც ძლიერი ემოციური რეაქცია გამოიწვია და, ამასთანავე, ნეიტრალური დეტალების დავიწყებაში. კვლევის წამყვანი ავტორის, ჯესიკა პეინის (Jessica Payne), „ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილების შესანარჩუნებლად თავის ტვინი კომპრომისზე მიდის – ის აძლიერებს ემოციურ მოგონებას ნეიტრალური ფონის წაშლის ხარჯზე”.
წინა წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილი საკვანძო როლს თამაშობს პროცედურული მეხსიერების ჩამოყალიბებაში. პროცედურული მეხსიერება უკავშირდება ისეთ ავტომატურ ჩვევათა ფორმირებას, როგორიცაა, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრა ან ბეჭდვა. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ასეთი მეხსიერების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად ძლიერდება ძილის პერიოდში. მაგრამ უცნობი იყო ძილის მნიშვნელობა ეპიზოდური მეხსიერებისათვის, რომელიც პასუხს აგებს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისათვის.
ერთ-ერთი ავტორის, ელისაბედ კენსინგერის (Elizabeth Kensinger) თქმით, „მოგონება, ჩვეულებრივ, შეიცავს ემოციურად „დამუხტულ” ელემენტებსა და მათთან დაკავშირებულ დეტალებს ძლიერი ემოციური დატვირთვის გარეშე. გვაინტერესებდა, როგორია ძილის გავლენა ყველა ამ ელემენტზე – ერთნაირი თუ ძილი ხელს უწყობს ზოგიერთი დეტალის უფრო სწრაფ დავიწყებას და ზოგიერთის კი, პირიქით, შენახვას”.
ექსპერიმენტში 88 კოლეჯის სტუდენტი მონაწილეობდა. თითოეულს აჩვენეს გამოსახულება ან ნეიტრალური საგნებით ნეიტრალურ ფონზე (მაღაზიის წინ გაჩერებული მანქანა), ანდა ნეგატიური ემოციების გამომწვევი საგანი ნეიტრალურ ფონზე (მსგავს ქუჩაზე გაჩერებული დამტვრეული მანქანა).
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები სამ ჯგუფად იყო გაყოფილი. პირველ ჯგუფს სთხოვეს სურათის აღწერა 12 საათის შემდეგ, დღის განმავლობაში, როცა ისინი ჩვეული საქმით იყვნენ დაკავებული და არ დაუძინიათ. მეორე ჯგუფი იხსენებდა ასევე 12 საათის შემდეგ, მაგრამ ღამის ძილის შემდეგ. მესამე ჯგუფის მეხსიერება შემოწმდა 30 წუთის შემდეგ.
შედეგმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში შემავალ ცდისპირებს მთლიანობაში დაავიწყდათ ნეგატიურად შეფერილი სცენა, მაგრამ ეს ერთნაირად შეეხო როგორც ფონს, ისე ცენტრალურ ობიექტს. ცდისპირებმა, რომლებიც გამოკითხეს ძილის შემდეგ (მეორე ჯგუფი), შეძლეს ემოციურად შეფერილი საგნის, დამტვრეული მანქანის, დეტალურად გახსენება ისევე, როგორც მესამე ჯგუფის სტუდენტებმა, რომლებიც 30 წუთის შემდეგ გამოკითხეს. მაგრამ მათ მეხსიერებაში ნაკლებად იყო შენარჩუნებული ნეიტრალური ფონი (ქუჩა) – ის ერთნაირად ცუდად ახსოვდა იმათაც, ვისაც არ ეძინა და იმათაც, ვისაც ეძინა.
კვლევის ავტორების თქმით, ძილი ურთულესი პროცესია: „შეიძლება ითქვას, რომ ძილი ღამე „”მუშაობს” იმისათვის, რომ განსაზღვროს, რომელი მოგონება შეინარჩუნოს და რომელი გადაყაროს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები