მსახიობ ოთარ კობერიძეს დღეს დაკრძალავენ
მსახიობ ოთარ კობერიძეს დიდუბის ეკლესიიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 9 მარტს გარდაიცვალა. ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმის“ მსახიობი და რეჟისორია. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორმა, გადაიღო ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა. სხვადასხვა წლებში ოთარ კობერიძემ მიიღო პრიზები და წოდებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება. 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.