რა პრობლემებით მიმართავენ ყველაზე ხშირად ქართველი ქალები ფსიქოლოგებს?

სტატისტიკურად საქართველოში ფსიქოთერაპიურ ცენტრებს ქალბატონები უფრო ხშირად აკითხავენ, ვიდრე მამაკაცები. პირად ცხოვრებაში არსებული უკმაყოფილებები, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები, მეუღლეების მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, უთანხმოება ოჯახის წევრებთან, უმეტეს შემთხვევაში – დედამთილთან – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც ქართველი ქალბატონები ფსიქოლოგებს მიმართავენ.
„კვირასთან“ საუბრისას ფსიქოლოგები ერთხმად ამბობდნენ, რომ ისინი კონკრეტული პრობლემის დასაძლევად პაციენტებს რადიკალურ რჩევას ვერ და არ აძლევენ, თუმცა მათ საკითხის უმტკივნეულოდ გადაწყვეტაში ეხმარებიან.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის “სტიმულის“ ხელმძღვანელის დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, ქართველი ქალბატონები უფრო გახსნილები გახდნენ და ფსიქოლოგებთან მათ პრობლემებზე ღიად დაიწყეს საუბარი.
„ზოგადად, უფრო ხშირად ქალები გვაკითხავენ, მათი პრობლემები ეხება წარუმატებელ პირად ცხოვრებას, პირადი ცხოვრების სურვილისამებრ მოწყობაში ქალბატონებს ბევრი ფაქტორი უშლით ხელს – ეს შეიძლება იყოს დაბალი თვითშეფასება, გარკვეული შიშები, თვითაკრძალვები, რომლებიც ბედნიერების შეგრძნებაში ხელისშემშლელია, თავისუფალი ურთიერთობების არ ქონა, იმის გამო, რომ შესაძლოა, ეს საზოგადოებისათვის მიუღებელი იყოს, თუმცა სტატისტიკურად ბოლო პერიოდში 25 წელს ზემოთ ქალბატონებს ჰყავთ მეგობარი მამაკაცები და მათ ბარიერი გადალახეს, თუ რას იფიქრებს მეზობელი, ნათესავი, რომლისთვისაც მსგავი ურთიერთობა შეიძლება მიუღებელი იყოს“,-განუცხადა “კვირას“ დიანა ნიკოლაიშვილმა.11041461_352365898302933_578622169_n
მისი თქმით, გათხოვილი ქალბატონების ნაწილი ქმრების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ნიკოლაიშვილის აზრით, მსგავს ვითარებაში ფსიქოლოგები ვერ ეუბნებიან ქალბატონს, რომ აუცილებელია განქორწინება და პრობლემის ამ ნაბიჯით გადაწყვეტა.
“ჩვენ ქალბატონებს ვერ ვურჩევთ, რომ აუცილებლად უნდა გაეყარონ მოძალადე ქმრებს, ან პირიქით – უნდა აიტანონ ძალადობა. ჩვენ ქალბატონების თვითშეფასების ამაღლებაზე ვმუშაობთ. თუ ქალბატონი ფსიქოლოგიურად ძლიერდება, დიდი ალბათობით ის მოახერხებს ძალადობისკენ მიდრეკილი მეუღლის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებას და შესაძლოა, პრობლემაც გადაიჭრას“, -აცხადებენ “სტიმულში“.
დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ქალბატონების მხრიდან მოძალადე ქმრების ქმედებების შეგუებას აღზრდა იწვევს. კერძოდ, თუ ქალი ბავშვობაში უყურებდა, რომ მისი მამა დედაზე ძალადობდა და დედა ამას უსიტყვოდ იტანდა, ისიც გათხოვების შემდეგ ქმრის მსგავს დამოკიდებულებას კანონზომიერებად ჩათვლის.
ქალთა საკონსულტაციო ცენტრის “სახლის“ ფსიქოლოგი ნანა ნადირაძე “კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი ცენტრის პაციენტები ფსიქოლოგებს, ძირითადად, ოჯახური საკითხებით გამოწვეული პრობლემებით მიმართავენ.
„დედები, ძირითადად, შვილებთან დამოკიდებულების, მიდგომის თაობაზე გვთხოვენ რჩევებს, ასევე აქვთ კონფლიქტები მეუღლესთან, ოჯახის სხვა წევრებთან, უმეტესწილად – დედამთილებთან. არის შემთხვევები, როცა ქმარი ცოლს მუშაობის უფლებას არ აძლევს და სახლში ყოფნას აიძულებს, ფინანსურად ცოლები მათზე ხდებიან დამოკიდებულები, არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემებიც. ქალბატონების ნაწილს აქვს დაბალი თვითშეფასება და ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობს, რომ ყველაფერში მათ მიუძღვით წვლილი“, -აღნიშნა ნანა ნადირაძემ.
ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობაში“ აცხადებენ, რომ ქალბატონები მათთანაც ოჯახური პრობლემებით მიდიან. უმეტესწილად, დედებისთვის გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების ემოციური ქცევები ხდება ნერვიულობის საგანი.
„არ უნდათ, რომ აღზრდის პროცესში რამე ისეთი გამოეპაროთ, რასაც შესაძლოა, მომავალში სავალალო შედეგი მოჰყვეს. სურთ, დავეხმაროთ გამოსავლის ძიებაში, თუ როგორ უნდა იურთიერთონ შვილებთან, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობაში გაუცხოების მომენტი არ დადგეს“, – აცხადებენ ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები