პოლიციელის მიერ დაჭრილი ირაკლი ბოჭორიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოშია

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი ირაკლი ბოჭორიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ „კვირას“ თელავის რაიონის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრე ხუმარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს საავადმყოფოში შემოსვლისას ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ქვედა კიდურზე, თეძოსთან, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა.
მას ოპერაცია არ დასჭირვებია. ჭრილობები დაუმუშავდა. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – აღნიშნა ალექსანდრე ხუმარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს, სამართალდამცველებმა შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი ა. ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ 2015 წლის 10 მარტს, ანდრო ბოჭორიშვილი და მისი ძმა ირაკლი ბოჭორიშვილი ქ. თელავში, თამარის ქუჩა N30-ში მდებარე მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის წინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათთან შსს ახმეტის რაიონული პოლიციის პანკისის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამიშვილი მეგობართან ერთად მივიდა. საუბრისას გ. იორამიშვილს ძმებ ბოჭორიშვილებთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გიორგი იორამიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა სამი გასროლა, რის შედეგადაც ანდრო ბოჭორიშვილი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ირაკლი ბოჭორიშვილი დაიჭრა მენჯის არეში. ასევ დაიჭრა იქვე ახლოს მყოფი თამაზ შინგაზრდილაშვილი. მომხდარი ფაქტის შემდეგ გიორგი იორამიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით გიორგი იორამიშვილი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა, რის შემდეგაც მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მკვლელობის იარაღი გამოძიებას წარმოუდგინა. ამჟამად საქმეზე გ.იორამიშვილის მიმართ გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16 წლიდან 20 წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები