მეუფე სპირიდონი: ვილოცოთ, რომ რუსეთმა უკრაინისა და ბელორუსიის ოკუპაცია შეძლოს

სხალთელმა მეუფე სპირიდონმა რამდენიმე დღის წინ ქადაგების დროს უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ მეუფის ქადაგება და რუსული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი პროპაგანდა, რომელიც რუსულ არხებზე მრავლადაა, თითქმის იდენტურია. მეუფის მოსაზრებით, რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია გაერთიანდება.
რა თქმა უნდა, გამაერთიანებელი რუსეთი იქნება და ამ გაერთიანებულ სახელმწიფოს მეფე წარმართავს. სპირიდონი რუსულ სცენარს არც უკრაინის მოვლენების შეფასებისას ღალატობს და უნებურად ავიწყდება, რომ სწორედ რუსეთი ახდენს დესტაბილიზაციასა და თავისუფალი ქვეყნის ოკუპაციას. ისიც გამორჩა, რომ რუსი ჯარისკაცები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე.
სამაგიეროდ, სპირიდონი კრემლის მოსაზრებას უცვლელად იმეორებს და “ძმათა მკვლელი ” ომის გამოწვევას დასავლეთს აბრალებს.
ამონარიდი მეუფის გამოსვლიდან: „მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და შემდეგ როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი ჩრდილო დასავლეთით, ზოგი – ბელორუსიაში. მაგრამ ეს ერთი ხალხია. არის მოსკოვის რუსეთი „ბალშაია რასსია“, არის „ბელაია რასსია“, ბელორუსია და არის „მალაია რასსია“, რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ასე იყო ყოველთვის, ერთი ხალხი და ერთი ერი.
ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, „მესამე ძალების“ წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, მოხდა ძმათა შორის სისხლისღვრა და შევევედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით, ყველაფერი მოგვარდეს.
თქვენ ალბათ წაგიკითხავთ წიგნი „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ – ეს წიგნი სისტემატიზებულია დაახლოებით 30 წლის უკან და საოცარის ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია ის მოვლენები, რაც დღეს ხდება უკრაინაში და საოცარი რამე წერია იქ და წერია, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს – უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს. ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო. და ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ“.

წყარო: benewsbatumi.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები