ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე ორი პირია დაკავებული

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე თბილისში 1957 წელს დაბადებული მერაბ ი. და 1961 წელს დაბადებული დავით ჩ. დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ ი. და დავით ჩ. სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს, 4 000 ლარის სანაცვლოდ, ძველი თარიღით ამზადებდნენ. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მე-2 კურსზე ჩარიცხვის სანაცვლოდ მოქალაქეებს 5 000 აშშ დოლარს ართმევდნენ. დაკავებულები დიპლომებს თბილისში, კომპიუტერული მომსახურების ერთ-ერთ კომპანიაში ამზადებინებდნენ, ხოლო დიპლომში დეკანის და რექტორის ხელმოწერას დავით ჩ. აყალბებდა.
სამართალდამცველებმა მერაბ ი-ს ბინის ჩხრეკისას, დიპლომის დასამზადებლად მოქალაქისგან აღებული 2500 ლარი, ხოლო დავით ჩ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა მოქალაქის სახელზე დამზადებული 56 ცალი დიპლომი ამოიღეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დავით ჩ. 2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყალბი დიპლომების დამზადების ფაქტზე იყო გასამართლებული. ორივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შეძენის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები