ირმა ინაშვილი მოდულის შენობაში დაჰკითხეს

„პატრიოტთა ალიანსის ლიდერი“ ირმა ინაშვილი მოდულის შენობაში დაჰკითხეს – ამის შესახებ ინფორმაციას ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, მოდულის შენობაში მისი დაკითხვა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მისი თქმით, მან ჩვენება გამომძიებელს იმ სკანდალური განცხადების ირგვლივ მისცა, რომელიც 8 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაახმაურა.
„მოგეხსენებათ, 2015 წლის 8 მარტს, გადაცემაში “იმედის კვირა” გავაკეთე საგანგებო განცხადება. გადაცემის დასრულებისთანავე დამიკავშირდა გამომძიებელი და გუშინ, 2015 წლის 9 მარტს, ე.წ. “მოდულის” შენობაში, ერთ-ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში ჩვენება მივეცი, მოწმის სტატუსით. დაკითხვა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემი ჩვენება დეტალურია. ის, რაც (გასაგები მიზეზების გამო) არ ითქვა პირდაპირ ეთერში, ასახულია ამ ჩვენებაში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისაგან თავს შევიკავებ. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთი: ჩემთან მიმართებაში ნებისმიერი პროვოკაციის მოწყობის მსურველებს შევახსენებ, რომ მათი არავის ეშინია“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა. ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება. მისივე განცხადებით, ფიზიკური თავდასხმა იგეგმება დეპუტატ გიორგი კანდელაკზე.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით აპირებენ მოწამლონ ან ვანო მერაბიშვილი, ან ბაჩო ახალაია, ან უგულავა. ერთ-ერთი ამ სამი ადამიანისგან, მაგრამ მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რომელს მოწამლავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამვლა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები