ილია მეორე: ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს
მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, აღსარება არის უდიდესი საიდუმლო, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა,
პატრიარქის თქმით, ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს.
“ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული”, – ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, დაწერონ აღსარება, სურვილის შესაბამისად, რადგან ის შეიძლება უდიდესი სულიერი და ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს.
პატრიარქმა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. “ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ”, – აღნიშნა უწმინდესმა. ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა დალოცა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე.