რიჩარდ ნორლანდი რუსულ წვრთნებს ოკუპირებულ რეგიონებში “საერთაშორისო სამართლის დარღვევას” უწოდებს

2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო – საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სულ საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე, არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება. სამინისტრო ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. მის განცხადებაში ნათქვამია:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს წვრთნები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. რამდენიმე კვირაში შედგება ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, სადაც ეს საკითხიც განიხილება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები