თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებას სამართლებრივი ძალა არ აქვს

“რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან გასაფორმებელ ე.წ. “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას” სამართლებრივი ძალა არ აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ხელშეკრულება, რომელსაც არ ცნობს არავინ. “ამ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. ეს არის ის თემა, რომელზეც საქართველო რეგულარულად საუბრობს ყველა საერთაშორისო და ორმხრივი ფორმატის გამოყენებით. ეს არის ის თემა, რომელიც დეტალურად იქნება განხილული ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან. სტრატეგიული დიალოგი უკვე იგეგმება და აპრილის დასაწყისში გაიმართება”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” უმაღლეს დონეზე გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნას უმაღლეს დონეზე.
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება მოსკოვსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ, ისე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით გაფორმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები