პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის ფართომასშტაბიან წვრთნებს უკანონოს უწოდებს – “ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან წვრთნებს უკანონოს უწოდებს. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, აშკარად ჩანს, რომ წვრთნები არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა იგულისხმება საქართველოც. ზაქარეიშვილის განმარტებით, რუსეთი ფართომასშტაბიან უკანონო წვრთნებს ატარებს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ სხვა რეგიონებშიც. მათ შორის, ყირიმში.
“ეს არის ძალის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე. მე მგონია, ეს ის შემთხვევაა, როცა მსოფლიო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს რუსეთის ქმედებებს, რომ ეს არ არის ან მხოლოდ უკრაინის, ან მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ როგორც არ უნდა იქცეოდეს დასავლური სამყარო, დემოკრატიული სამყარო რუსეთთან მიმართებაში, აფასებდეს მის აგრესიულ ქმედებებს მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რუსეთი მაინც თავხედურად განაგრძობს თავის პოლიტიკას”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული შეიარაღებული ძალებით ახორციელებს რუსეთი ძალის დემონსტრირებას და რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
“ჩვენ ცალსახად მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ რუსეთმა შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულება. როდესაც მედვედევმა ხელი მოაწერა სარკოზისთან 6-პუნქტიან შეთანხმებას, მეხუთე პუნქტით რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი სამხედრო შენაერთები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან; სხვა მხრივ ეს ოკუპაციის გაგრძელებაა”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები