საკრებულომ ჟურნალ “ცისკარი 1852”-ის გამოცემის ხელშეწყობას დადებითი რეკომენდაცია მისცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით კულტურის ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი განიხილეს, რომელიც ლიტერატურული ჟურნალის “ცისკარი 1852” გამოცემის ხელშეწყობას გულისხმობს.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტის სარევიზიო ფონდიდან ეტაპობრივად ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განხორციელდება.
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი 1852-1853 და 1857-1875 წლებში გამოდიოდა. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ გიორგი ერისთავი ხელმძღვანელობდა და მთავარი მიზანი მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა იყო.
1857 წელს ჟურნალის გამოცემა ივანე კერესელიძემ განაახლა, რომელიც მას 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა.
”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დანიელ ჭონქაძის, ლავრენტი არდაზიანის ნაწარმოებები. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჟურნალ “ცისკარის” გამოცემა მნიშვნელოვნად შეფერხდა, მოგვიანებით კი საერთოდ შეწყდა. განახლებულ ჟურნალში ,,ცისკარი 1852“ დაიბეჭდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებები. ამასთან, დიდი ადგილი პროზას, პოეზიას, მხატვრობას, თარგმნილ ლიტერატურასა და მწერლობის სხვადასხვა სფეროს დაეთმობა. ჟურნალში ასევე ოსურ და აფხაზურ ენებზე თარგმნილი ქართული ნაწარმოებები დაიბეჭდება.
,,ცისკარი 1852“ დიდ როლს შეასრულებს ახალგაზრდა პოეტების, მწერლებისა და მხატვრების გამოვლენასა და პოპულარიზაციაში. პროექტს კომისიის წევრებმა უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასასვლელად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.