სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საკრებულოს ინფორმაციით, 2014 წლის მიწურულს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ უნდა განახორციელოს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 50 ქუჩისათვის გამოჩენილი ქართველი ქალების სახელების დარქმევა, რათა ქალაქის ქუჩების ნაწილშიც მოხერხდეს გენდერული ბალანსის დაცვა.
მემორანდუმის საფუძველზე გაიწერა კონკრეტული ღონისძიებების გრაფიკი. მემორანდუმის მიხედვით გათვალისწინებული იყო კამპანიის ფარგლებში პირველი 5 ქუჩის სახელდება 8 მარტამდე. სარვამარტოდ უნდა მომხდარიყო სახელდებულ ქუჩებზე შესაბამისი სამისამართო აბრების განთავსება.
„სამწუხაროდ, სამართლებრივი მიზეზების გამო მუნიციპალიტეტის საკრებულო მოკლებულია შესაძლებლობას, უახლოესი პერიოდის განმავლობაში განახორციელოს ქუჩათა სახელდება, კომისია ამზადებს სახელდების სამართლებრივი აქტის პროექტებს, პარალელურად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სახელდების ახალ წესზე.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, სრულიად საკრებულოს მსგავსად, ერთსულოვანია ყველა იმ აღებული ვალდებულებისა, რაც დადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება ჩვენგან დამოუკიდებელი ყველა ის სამართლებრივი შეზღუდვა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს. კომისია უახლოეს პერიოდში გადავა ქუჩათა სახელდების ეტაპზე და გაორმაგებული ძალისხმევით უზრუნველყობთ მოკრძალებული წვლილის შეტანას იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში რასაც გენდერულად სენსიტიური რეალობის შეცვლა ქვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.