საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის გამო ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ზონებში ხმაურის შემცირების გადაუდებელ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კომისიის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი გააცნო, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები დეტალურად იყო წარმოდგენილი.

თედო კობახიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ კანონპროექტის შემუშავება, მოსახლეობაში ხმაურის საფუძველზე გამოწვეული მძიმე მდგომარეობის დარეგულირებამ გამოიწვია და მის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ისეთი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება წარმოადგენს, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

მისივე თქმით, ხმაური, რომლის დონეც დადგენილ ნორმატივებს აღემატება და შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე, ან მის სოციალურ მდგომარეობაზე, გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას დღის საათებში 150, ხოლო ღამით 300 ლარით.

იურიდიული პირებისათვის კი საჯარიმო სანქციები დღის საათებში 500, ღამის საათებში კი 1000 ლარით განისაზღვრება.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, იმავე მუხლით გათვალისწინებული სახდელი ზომის ორმაგი ოდენობით.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება განსახილველად და ძალაში 2015 წლის ოქტომბრიდან შევა.

კომისიის სხდომას, დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, გარემოს დაცვისა და რეგონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შსს სსიპ „112“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები