მანანა კობახიძე: ქონების ჩამორთმევის საქმეში ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებელს უნდა დაეკისროს

პირველ რიგში, ზიანი უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა. ეს პრინციპი სამართალში ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნის ფაქტს.
ისევე, როგორც „ქართული ოცნების” სხვა წევრები, მანანა კობახიძეც მიესალმება აღნიშნული დეპარტამენტის შექმნას და აცხადებს, რომ უნდა გამოიკვეთნენ ის კონკრეტული პირები, რომლებმაც თავიანთი ქმედებით ზიანი მიაყენეს მოქალაქეებს და უნდა აგონ პასუხი.
“მთელი პროცედურა უნდა წარიმართოს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” დაცვით. პირველ რიგში, ზიანი უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა. ეს პრინციპი სამართალში ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული. თუ დადგინდებიან კონკრეტული პირები, რომელთა ქმედებამაც უშუალოდ მიაყენა ზიანი მოქალაქეებს, ბუნებრივია, მათ პასუხი უნდა აგონ. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ,” – აცხადებს მანანა კობახიძე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რათა გამოიძიოს იმ საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები