მარტოხელა მოხუცი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს – გიორგი ქურციკიძეს მედიკამენტი და თავშესაფარი ესაჭიროება

80 წლის გიორგი ქურციკიძე სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მარტოხელა მოხუცს, რომელმაც ოჯახის წევრები წლების წინ ტრაგედიის გამო დაკარგა, დღეს წამლის ფულიც არ აქვს. გიორგი ქურციკიძემ ოჯახის წევრების გადასარჩენად წლების წინ საკუთარი უძრავი ქონება გაყიდა. დღეს სამგორის რაიონში ქირით ცხოვრობს. მისი შემოსავლის წყარო მხოლოდ პენსიაა. ორჯერ ინფარქტგადატანილ მოხუცს თავის გადასარჩენად მედიკამენტი – „როტაცეფი“ სჭირდება, თუმცა, მას ამ მედიკამენტის შესაძენი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
როგორც „კვირას“ გიორგი ქურციკიძემ უამბო, მისი ოჯახის წევრები 1995 წელს დაიღუპნენ. პროფესიით მშენებელ – ინჟინერი დღეს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და დახმარებისთვის „კვირას“ მომართა.
„ჩემი ოჯახის წევრები – მეუღლე და სამი შვილი ლაგოდეხში, დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. დაკრძალვის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. ამ დროს, მოულოდნელად, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ნახირისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, ჩემს მეუღლეს და შვილებს დაეჯახა, ისინი დაახლოებით 30 მეტრის სიღრმის ხევში გადაიჩეხნენ. სამი თვე სიკვდილს ებრძოდნენ, რკინიგზის საავადმყოფოში იწვნენ. მაშინ ყველაფერი გავყიდე და დღეს ქირით ვცხოვრობ. ჩემი შვილებიდან არცერთი დაოჯახებული არ ყოფილა. ახლა არავინ მყავს“, – ამბობს გიორგი ქურციკიძე.11005901_914825411873286_460152193_n
მისი თქმით, მან სამგორის რაიონის გამგებელს დახმარებისთვის ერთხელ უკვე მიმართა. მისივე თქმით, მაშინ რაიონის გამგეობამ ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 300 ლარი 2014 წლის დეკემბერში მისცა.
„ეს თანხა დეკემბერში მივიღე, 300 ლარი ბინის ქირაში გადავიხადე. ბინის ქირა რომ არ გადამეხადა, სახლის პატრონი გარეთ გამომაგდებდა. ახლა წამლის ფულს ვერ ვშოულობ, არადა ეს მედიკამენტი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამბობს მოხუცი.
მედიკამენტი, რომლზეც გიორგი ქურციკიძე საუბრობს – „როტაცეფია“. მას გულ-სისხლძარღვები აწუხებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს მედიკამენტი დაეხმარება. „როტაცეფი“ – წარმოადგენს კომპანია ,,ROTAPHARM”-ის (,,როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი) პროდუქტს და სავაჭრო მარკას. პრეპარატი დამზადებულია ესპანეთში ,,ლდპ-ლაბორატორია ტორლან ს.ა.”-ში, ხოლო საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ შემოაქვს. 1მგ-ის ფასი 18 ლარია. გიორგი ქურციკიძეს სულ მცირე 10 ამპულა მაინც სჭირდება, რაც ჯამში 180 ლარს უტოლდება.
როგორც ქურციკიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მან მედიკამენტის შეძენის მოთხოვნით, მერიას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა დღემდე არავინ გამოეხმაურა. გარდა ამისა, ამავე მოთხოვნით მარტოხელა მუხუცმა ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სამსახურმა ქურციკიძეს „როტაცეფის“ ნაცვლად, სხვა მისი შემცვლელი მედიკამენტი მისცა, რომლის ფასი 2 ლარი და 50 თეთრი ღირს. გიორგი ქურციკიძე ამბობს, რომ მან „როტაცეფის“ შემცვლელი მედიკამენტი კი მიიღო, მაგრამ შედეგი არ აქვს. მისი თქმით, ღამით მის მშვიდ ძილს მხოლოდ „როტაცეფი“ უზრუნველყოფს. გიორგი ქურციკიძე ამბობს, რომ თუ სახელმწიფო დაეხმარება, მოხუცთა პანსიონატშიც იცხოვრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები