ნინო ბურჯანაძე: აღნიშნული დეპარტამენტი პროკურატურაში მანამდე უნდა შექმნილიყო

საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნას ორი წელი არ სჭირდებოდა – ასე გამოეხმაურა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ახალი საგამოძიებო დეპარტამენტის შექნას. ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე იყო შესაძლებელი. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დეპარტამენტი 2 წლის წინ რომ შექმნილიყო, დღეს უფრო მეტი საქმე იქნებოდა გამოძიებული და, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანის უფლება აღდგენილი.
„ქართული ოცნების“ წევრებისთვის აღდგა სამართლიანობა, მაგრამ დანარჩენი საქართველოს მიმართ ეს სამართლიანობა არ აღმდგარა. ამას 2 წელი არ სჭირდებოდა, ეს ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო პარლამენტის შეკრების დღესვე, პრაქტიკულად არჩევნების შემდეგ, როგორც კი ხელისუფლებაში „ქართული ოცნება’’ მოვიდა. ასეთ შემთხვევაში დღეს უკვე ძალიან ბევრი საქმე უნდა იყოს გამოძიებული და ძალიან ბევრი ადამიანის უფლება აღდგენილი“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება, გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები