ანი დარსალია ბათუმის საპატიმროდან მიღებულ წერილს ასაჯაროვებს

„თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი დარსალიამ ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრებისგან მიღებული წერილი დღეს გაასაჯაროვა.
„პატიმრების თხოვნის საფუძველზე მე მათ გვარებს და სახელებს გავასაჯაროვებ. ესენი არიან: თამაზ მიქიანი, ჯემალ მიქიანი, მერაბ გუგეტიშვილი, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, მიხეილ წითაძე, კახა მეცხვარიშვილი და გიორგი მარსაგიშვილი. ეს პატიმრები ჩვენთვის მოწერილ წერილში საუბრობენ, რომ ძალიან მძიმედ არიან დაავადებულები.
მათ წამლის მიღების საშუალება არ აქვთ, ხოლო როდესაც მთავარ ექიმთან მიდიან საჩივრით, რომ მათ გამოკვლევები და წამლები სჭირდებათ, ბატონი ზურაბ ორაგველიძე, რომელიც ამ დაწესებულებაში მთავარ ექიმად დიდი ხანია მუშაობს, ამბობს, რომ ეს პატიმრები ავად მას არ გაუხდია.
იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თამთა დემურიშვილს აბრალებს, რომ ციხეებს წამლებით თამთა დემურიშვილი არ ამარაგებს და, აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება პატიმრების მკურნალობა და წამლებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა ანი დარსალიამ.
მან „თავისუფალი თაობის“ სახელით აღნიშნა, რომ ეს არის მძიმე ფაქტი, და თუ თამთა დემურიშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, მაშინ მისი საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. „პატიმრების ჯანმრთელობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ვითხოვთ თამთა დემურიშვილისგან გამოხმაურებას. ასევე, ყველა ციხე მედიკამენტებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც დემურიშვილის პირდაპირი მოვალეობაა. მისი მხოლოდ ტელევიზორში გამოჩენა და გაპრანჭვა ამ პატიმრებს მძიმე მდგომარეობას ვერ შეუმსუბუქებს“, – აღნიშნა დარსალიამ.
დღესვე მან ამ საპატიმროში არსებულ სხვა პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმრებს დღე-ღამის განმავლობაში წყალი მხოლოდ 4-5 საათით მიეწოდებათ.
ასევე, არის ანტისანიტარია, პრობლემურია მათი საკვები, საკნებში უჰაერობაა და დაავადებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
„პატიმრებმა საერთო საჩივრით მიმართეს სახალხო დამცველს უჩა ნანუaშვილს და ბათუმში სახალხო დამცველს გიორგი ჩარკვიანს. პატიმრების აზრით, სახალხო დამცველის ანგარიშს მათ მდგომარეობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ამიტომ პატიმრებმა დახმარება „თავისუფალ თაობას“ გვთხოვეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ დავეხმაროთ, ხოლო საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ციხეებში დღესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პატიმრები საუბრობენ, რომ ის პირები, ვინც ციხეებში წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს მუშაობდნენ, დღესაც აგრძელებენ საპატიმროებში მუშაობას და პატიმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ამასთან დაკავშირებით „თავისუფალი თაობა“ განცხადებით მიმართავს სასჯელაღსრულების მინისტრს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხს გამოეხმაურებიან და ჯალათებისგან ციხეების გაწმენდა დაიწყება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩანერგილი პირები ისევ ცდილობენ ციხეებში არეულობის შემოტანას. ჩვენ ამ საკითხებზე რეაგირებას მოვახდენთ. მსგავსი ტიპის საჩივრებს ყოველთვის გავასაჯაროებთ და ამ ტიპის დარღვევებში მონაწილე პირებს პასუხს მოვთხოვთ“, – განაცხადა დარსალიამ.

64f7b8990be2d94add5152c155ac4915_S

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები