ამერიკის მთავრობა საქართველოში შრომითი უფლებების იმპლემენტაციის საკითხებზე პროექტისათვის 700 000 დოლარს გამოყოფს
ამერიკის მთავრობა საქართველოში შრომითი უფლებების იმპლემენტაციის საკითხებზე პროექტისათვის 700 000 დოლარს გამოყოფს. გლდანის დეპოში, დღეს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “მშრომელთა ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში” პრეზენტაცია შედგა.
პრეზენტაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძოდ, პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან, ამერიკის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარკ ლითელჰაუზერი, აშშ-ის შრომის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი სტივ მარლერი, აშშ-ის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის დირექტორი შონა ბადერლაუ, აშშ-ის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის რეგიონალური დირექტორი რუდი პორტერი, ასევე აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ჯაფარიძემ სტუმრებს გლდანის დეპო დაათვალიერებინა და იქ მიმდინარე სამუშაო პროცესი გააცნო. უცხოელი დიპლომატები ადგილზე გაეცნენ მატარებლების შეკეთების პროცესს, სიახლეებს და იქ არსებულ შრომით პირობებს.
პრეზენტაციის მონაწილეებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ჯაფარიძემ და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართეს. პროექტს ამერიკის მთავრობა დააფინანსებს და მათ განახორციელებს აშშ-ის შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, პროექტის ბიუჯეტი 700 000 დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარება და მისი წევრი დარგობრივი პროფკავშირების უნარების განვითარება დამსაქმებლებთან ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, მთავრობასთან სოციალური დიალოგის უკეთ წარმოებისათვის, რათა, ერთი მხრივ, მშრომელთა უფლებები იყოს უკეთ დაცული, კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში და კომპანიებში მიღწეული იყოს სოლიდარული მშვიდობა.
ასევე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვის, შრომის უსაფრთხოების დაცვის მშრომელთა უფლება-მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტი ასევე ითვალისწინებს მშრომელთა იურიდიულ დახმარებას, მათ წარმომადგენლობას სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, შრომითი უსაფრთხოებისა და სამართლებრივ საკითხებში ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენას. პროექტი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.