კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები დაიწყო
“მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში, კახეთსა და შიდა ქართლში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი, შპს „მექანიზატორის“ დირექტორი ზვიად ჩხაიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე ჩავიდნენ და ხვნის სამუშაოებს გაეცნენ.
სოფელ წერეთელში, 207 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით წელს სოფელ წერეთლის 645 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან ხვნის ბარათი 478 ფერმერმა უკვე მიიღო. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 10 ტრაქტორი შეასრულებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას ქვემო ქართლის 91 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს, ხოლო აქედან ხვნის ბარათს – 50 ათას 805 ფერმერი. წელს პროექტს დაემატება ქალაქ რუსთავს შემოერთებული სოფლები. პროექტის ბენეფიციარების სიაზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს, საბოლოოდ დაზუსტებული სიები მიმდინარე თვის ბოლოს გამოქვეყნდება.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.
მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.
• ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25- მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50- ლარიანი აგრობარათით.
• ბენეფიციარები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო – სამეურნეო საქონელს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყო და 1 დეკემბერს დასრულდება.