“თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ 2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდება
თბილისის მთავრობამ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ წესდება დაამტკიცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის სხდომაზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა წარადგინა. განკარგულების მიხედვით, “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ 2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდება.
“საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ დღეს იქნა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლითაც შეთავაზებული იყო “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” დაფუძნება. პროექტი თბილისის მთავრობამ მოიწონა. შესაბამისად, 9 მარტიდან ამოქმედდება მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც მეწარმეებისთვის კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს. მისი დაფინანსება მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან მოხდება და მისი დაფუძნების გამო თანხა არ მოაკლდება პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან პროექტს”, – განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.