ქუთაისში 109 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს
ქუთაისში, ოცხელის ქ. N 2-ში, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში, 109 დევნილი ოჯახი, სულ მალე, კრიტერიუმების შესაბამისად, ბინას მიიღებს. დღეს, ქუთაისში, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოში ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინების განაწილების პროცედურას დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები.
კენჭისყრის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ, მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.
შენობაში სულ 109 ბინაა, აქედან 44 – ერთოთახიანი, 53- ოროთახიანი, 12 – სამოთახიანი. ყოფილი სააავადმყოფოს შენობას, სარეაბილიტაციო სამუშაოები USAID-ის დაფინანსებით ჩაუტარდა.
კენჭისყრამდე, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ 109 დევნილი ოჯახის სია, რომლებმაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ობიექტზე ბინები მიიღეს. სიების გამოქვეყნების შემდგომ, სამინისტროს დევნილებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 3 ოროთახიანი ბინის მფლობელ ოჯახს უფიქსირდებოდათ საკუთრება და მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში იყო უზუსტობები.
სამინისტრომ დამატებით შეისწავლა აღნიშნული ოჯახები, რის შედეგადაც დარღვევები დადასტურდა და მათ ბინები ჩამოერთვათ, რომლებიც, კრიტერიუმების შესაბამისად, სხვა დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.