ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს: ზემო და ქვემო ნიქოზს, ზემო ხვითსა და ერგნეთს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება.
გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ: ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალური დირექტორი აზერ მამადოვი.
ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
„სოფლები ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ასევე სოფელი ერგნეთი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების – ხვითის, ზემო და ქვემო ნიქოზისა და ერგნეთის სრული გაზიფიცირებისთვის 24 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და თითოეული სოფლის სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ოთხივე სოფელში მცხოვრები 1051 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს“, – განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება.
„აღნიშნული სოფლების სრული გაზიფიცირებისათვის 800 ათას ლარამდე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი“, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.