„შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა 5 მარტისთვის ვერ დასრულდება“

შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და გეგმაზე მუშაობა ეკონომიკის მინისტრთან ერთად გრძელდება. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე წელს ხარჯები შემცირდება.
“ვმუშაობთ ეკონომიკის მინისტრთან. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი სავალუტო ფონდთანაც, მათ შორის მათ წარმომადგენლებთან დღესაც გავმართე შეხვედრა. შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე. შევთანხმდით იმაზეც, რომ მიმდინარე წელს ხარჯები შემცირდება. თქვენ იცით, რომ ალბათ მოგვიწევს მაკროეკონომიკური პროგნოზების გადახედვა. ვფიქრობთ, გარე შოკების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტამდე შემცირდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს პრეზიდენტს შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევა სთხოვა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ეს ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნია. ქვეყნის პირველი პირის ვარაუდით, მთავრობას გეგმა 5 მარტისთვის, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ უნდა ჩამოეყალიბებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები