ბელორუსიის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოში იმყოფება
ბელორუსიის უწყებათშორის დელეგაციას დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უმასპინძლეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსიის უწყებათშორის დელეგაციას ბელორუსიის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი ჩიჟიკი, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიან. სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, განათლების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით არსებობს.
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, შეხვედრაზე გამოიკვეთა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განვითარებით ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმოამდგენლები შეიძლება დაინტერესდნენ. ამ კონტექსტში, მხარეებმა ერთობლივი აგროსამრეწველო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე ალექსანდრე ოგოროდნიკოვმა აღნიშნა, რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავაია, რომ ვიზიტის ფარგლებში ბელორუსიის დელეგაციის წევრები მოინახულებენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ საწარმოებს, შეხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.