თეა წულუკიანი: მრავალი საქმეა, რომლებიც ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეიძლება მოგვარდეს
არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რითაც მედიის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა სახელმწიფოს ფინანსური რესურსი, წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებულთა კომპენსაცია მოახდინოს.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, არაერთი ქონება, რომლის ჩამორთმევაც წლების წინ უკანონოდ მოხდა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს უფლებები აღდგეს.
“მინდა მივესალმო იმას, რომ პროკურატურამ შექმნა ეს დეპარტამენტი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოქალაქისთვის სამართლიანობა უკვე აღდგა, ეს არ არის საკმარისი. საჭირო იყო სპეციალური ორგანოს არსებობა, რომ ეს საქმე მივიდეს ბოლომდე და დაუსჯელობის სინდრომი არა მხოლოდ აღმოიფხვრას, არამედ არასდროს არც ერთი ხელისუფლების პირობებში განმეორდეს მსგავსი რამ. ასე რომ, მინდა წარმატება ვუსურვო ამ დეპარტამენტს.
რაც შეეხება დახარისხებულ საქმეებს, იკვეთება ერთი მარტივი რამ – როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ხდებოდა სახელმწიფოს ხელით ქონების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ასეული საქმე არსებობს. თუმცა, მეორე მხრივ, კარგია ის, რომ არაერთი ქონება, თუ არა უმრავლესობა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს უფლებები, პირველ რიგში, ამ ნაწილში აღუდგეთ. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარდეს. ვგულისხმობ, სწორედ ამ ტიპის საქმეებს, რომელიც ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ.