დავით უსუფაშვილი ამერიკელ სენატორსა და კონგრესმენებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება სენატორ ჯეიმს ინჰოფს და კონგრესმენებს: მაიკ ტერნერს, დუნკან ჰანტერს, ჯონ შიმკუსს, ადამ კინზინგერთან და მაკ თორნბერის შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო: სტრატეგიული პარტნიორობის და უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ორ ქვეყენას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი.
„შეხვედრების ძირითადი თემა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და უფრო მეტი კონკრეტული პროექტების განხორციელება იყო. ასევე, ძირითადი თემაა საქართველოს უსაფრთხოება და ამ თვალსაზრისით აშშ-ის მხრიდან მეტი ყურადღება და ყველას მხრიდან იმის გააზრება, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ეს არ არის იზოლირებული პრობლემა. უკრაინის პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ ვერ მოგვარდა საქართველოს პრობლემები და საქართველოს პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ უკრაინაში ვერ მოგვარდა პრობლემები. ამიტომ, ჩვენ კონგრესმენებს და სენატორებს ძირითადად ამ თემებზე ვესაუბრეთ.
მეორე თემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია. ქვეყანას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა ინვესტიციებით, რჩევებით და ტექნიკური დახმარებით.
მესამე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება ნატოში ჩვენს მომავალ ინტეგრაციის ტემპებს. ამ თვალსაზრისით ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული საუბრები იმაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ 2016 წლის ნატოს სამიტამდე და არსებული მიმდინარე პრობლემების მოგვარების პარალელურად ჩვენ სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული გეზი უკეთ გამოვკვეთოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, კონგრესში შესაძლოა ინიცირებული იყოს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
„მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბარი არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ აქ და მან ეს საკითხი დასვა ძალიან ბევრ ადგილზე. ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენს, სენატორებს მხარი დაუჭირონ ამ იდეას, მაგრამ ჯერ ამაზე კონკრეტულად ვერ გესაუბრებით. ჩვენ ვეუბნებით იმ თემებს, რაც კარგი იქნა, თუ შევა საქართველოსთვის მხარდამჭერ აქტში, რომელიც შესაძლოა იყოს ინიცირებული, მაგრამ მოვლენებს ჯერ ნუ გავუსწრებთ იმიტომ, რომ ეს მათი ინიციატივით უნდა მოხდეს. ამას ჩვენ თავს ვერ მოვახვევეთ ჩვენ კოლეგებს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ თვალსზრისითაც იქნება მხარდაჭერა“, – აღნიშნა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტს, უილიამ ბერნს შეხვდნენ. ქართული მხარე ფონდის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები