ირაკლი ღარიბაშვილი: სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს

სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის და მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის და მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია.
“სწორედ აქედან გამომდინარე, ვერ ვიჩქარებდით, ყველა პროცესს კარგი გაანალიზება და გააზრება და გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა. მაგრამ ერთი რამ ცხადია – პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ დანაშაულების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ და ეს უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და პროცესები ხელოვნურად ვერ დაჩქარდება.
“ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ შეისწავლა ათასობით ასეთი საქმე. მოგეხსენებათ, დაკავებულები არიან და აღძრულია საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ მიმართ, ვის საქმიანობასაც უკავშირდება წლების განმავლობაში გამეფებული უკანონობა, უსამართლობა, ადამიანთა დაჩაგვრისა და ღირსების შელახვის ფაქტები. ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები