მინისტრმა და თბილისის მერმა მსჯავრდებულ ქალებს 3 მარტი მიულოცეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებას ეწვივნენ და მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე მიულოცეს. გიორგი მღებრიშვილმა იმ მსჯავრდებულ დედებს, რომელთა შვილებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათთან ერთად იზრდებიან, სასაჩუქრე კალათები გადასცა.
მინისტრმა ასევე, დააჯილდოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა და ქართველმა მომღერლებმა მიულოცეს. სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა ქალმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს.
კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. მერიის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დედის დღე განსაკუთრებით მძიმეა იმ მსჯავრდებულებისთვის, ვინც მოკლებულია შვილებთან ურთიერთობის სიხარულს. „მინდა, ვუსურვო მსჯავრდებულ ქალებს შვილების გამო გაუძლონ, დაძლიონ სირთულეები და მალე დაუბრუნდნენ საყვარელ ადამიანებს.
დედობა, შვილები დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და აღარასდროს დაუბრუნდნენ ამ კედლებს.“ -განაცხადა მინისტრმა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „მინდა მივულოცო დღევანდელი დღე მსჯავრდებულებს, ჩვენ ვინახულეთ ის დედები, რომლებიც ბავშვებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრობენ. თბილისის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება“ – განაცხადა დავით ნარანიამ დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად კულტურული ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამო, ქალი რეჟისორის სპექტაკლი და კინოჩვენება. კვირეული 8 მარტს მხატვარ ქალთა გამოფენით დაიხურება. ქალთა კვირეული ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები