ამერიკის მთავრობა საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ამერიკის მთავრობა საქართველოში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წარმოების სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
როგორც “კვირას“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს პროფკავშირების გაძლიერება, მისი როლის ამაღლება და შრომითი უფლებების იმპლემენტაცია სამუშაო ადგილებზე. პროექტის მიხედვით აქცენტი გაკეთდება საქართველოში შრომის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირებასა და დასაქმებულთა იურიუდიული მომსახურების გაუმჯობესებაზე, შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციაზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ხვალ, 16:00 საათზე, გლდანის დეპოში, აშშ-ს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “მშრომელთა ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან აშშ-ს მთავრობის მხრიდან, ამერიკის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარკ მითელჰაუზერი, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი სტივ მარლერი, აშშ-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის დირექტორი შონა ბადერ-ბლაუ, აშშ-ს შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის რეგიონული დირექტორი (ევროპა და ცენტრალური აზია) რუდი პორტრერი, ასევე აშშ-ს ელჩის მოვალობის შემსრულებელი საქართველოში. ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპოლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
“აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება პროფესიული კავშირების გაერთიანების დახმარება და მისი წევრი დარგობრივი პროფკავშირების უნარების განვითარება დამსაქმებლებთან, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, მთავრობასთან სოციალური დიალოგის უკეთ წარმოებისათვის, რათა, ერთი მხრივ, მშრომელთა უფლებები იყოს უკეთ დაცული კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში და კომპანიებში მიღწეულ და შენარჩუნებულ იქნას სოციალური მშვიდობა,. დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვის, შრომის უსაფრთხოების დაცვის, მშრომელთა უფლება-მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სოციალური პარტნიორობის სასარგებლო მხარეების პოპულარიზების საკითხებზე, ასევე ითვალისწინებს მშრომელთა, იურიდიული დახმარების გაუმჯობესებას, მათ წარმომადგენლობას სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. შრომის უსაფრთხოებისა და სამართლებრივ საკითხებში ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენას. ამერიკის დელეგაცია შეეცდება დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, შრომის სახელმწიფო ინსპექციის აუცილებლობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ამერიკის დელეგაციის წევრები საქართველოში 2 მარტს საგანგებოდ ჩამოვიდნენ, ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პროფკავშირების ლიდერებს, დარგობრივი ორგანიზაციების, პროფკავშირების ქალთა კომიტეტის და ახალგაზრდული ორგანიზაციის “Youth GTUC”-ს წარმომადგენლებს ხვდებიან. “დეტალურად განიხილება ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და შრომით სფეროებში არსებული ვითარება და საქართველოს შრომის კანონმდებლობა. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ასახვა დასაქმებულთა მდგომარეობაზე, კანონმდებლობის ხარვეზები, ეროვნული ვალუტის ცვალებადობით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.