დედის დღის აღსანიშნავად სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მსჯავრდებულ ქალებს დედის დღე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ და ქართველმა მომღერლებმა მიულოცეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია მუდმივად მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ. სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა ქალმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი, მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. მერიის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. მერიის ცნობით, დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად კულტურული ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოეზიის საღამო, ქალი რეჟისორის სპექტაკლი და კინოჩვენება. კვირეული 8 მარტს მხატვარ ქალთა გამოფენით დაიხურება. ქალთა კვირეული ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები