დავით უსუფაშვილი: გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ამიტომ ვაკაკუნეთ ევროკავშირის კარზე

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, აშშ-ში ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მას საჯარო გამოსვლა ჰქონდა.
,,აქ იმისთვის ვარ, რომ გიამბოთ, რა ხდება საქართველოში, სად ვართ ახლა, რატომ ვართ იქ, სადაც ახლა ვართ, რა პერსპექტივები და გამოწვევებია, მაგრამ, ამავდროულად, მსურს მოვისმინო თქვენგან შეკითხვები, კომენტარები, ანალიზი და საყვედურები. ხანდახან ძალიან ვართ დაკავებულები ყოველდღიური სამუშაოთი და გვჭირდება, რომ რაღაც საკითხებს განსხვავებული რაკურსით შევხედოთ. ასე რომ, აქ ორი მიზნით ვარ – მოგცეთ საშუალება, გარკვეულ საკითხებზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და თქვენი აზრი მოვისმინო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა.
,,საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების მანძილზე ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა, რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნეთ ევროკავშირის კარზე, მიუხედავად იმისა, იქითა მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის ადგილი არ არის და ერთ ოთახში უკვე 28 სუბიექტია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს. ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გასულ ზაფხულს, რაც ჩვენს პოლიტიკას ევროპული სტანდარტების მიმართულებით წარმართავს. ჩვენ ასევე, ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, რადგან ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც იქნება მდგრადი და საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ დაგვიცვას, რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს ხან ოფიციალურად, ხან არაოფიციალურად, სხვადასხვა მიზნებით, უბრალოდ სჯერა, რომ საქართველო მისი ტერიტორიაა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე.
,,ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩავითრიოთ ნატოს წევრი ქვეყნები და საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. არა, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ გაკვეთილებს ისტორიიდან და ვერ ვიხსენებთ ვერცერთ ომს ნატოსა და რუსეთს, ან ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის. ასე რომ, ნატო პრევენციული მექანიზმია და ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საკუთარ თავებს იცავენ და რუსეთს ან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მათზე შეტევა განეხორციელებინა. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო საქმიანობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით უსუფაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები – ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმის, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში და, შესაბამისად, ეს არის ერთი გეგმის სხვადასხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს იმასაც, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე, რუსული აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. მხოლოდ ასე შეიძლება დავახასიათოთ ე.წ. ხელშეკრულებები, რაც გაფორმდა სოხუმთან და ცხინვალთან, და რომ ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ არის საქართველოს მთავრობის პოზიცია ურყევი და უცვლელი უკრაინისთვის დახმარების ნაწილშიც და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთელი ამ კომპლექსური პრობლემის ადეკვატურად გააზრებაშიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები