ნიკა მელია: ბატონი მარგიშვილი თანამდებობიდან გააპარეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობი ცენტრი” ის ახალი გაუგონარი სამსახურია, რომელიც სპეციალურად თბილისის ყოფილი ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის გამო იქმნება. როგორც ნიკა მერია აცხადებს, აღნიშნული სამსახურის შექმნა ალექსანდრე მარგიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან არიდებას ემსახურება. „ძალიან უსუსური მცდელობაა ბატონი ნარმანიას მხრიდან, ბ-ნი მარგიშვილი რომ გააპარეს თანამდებობიდან. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნეს მიცემული, რაღაც გაუგონარ სამსახურს უქმნიან მას. მაგრამ მინდა მას ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, შეუძლებელია, სიმართლე დაიმალოს, შეუძლებელია ბატონი მარგიშვილი იმ პასუხისმგებლობას გაექცეს, რომელიც მას აკისრია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
2 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა, გარდა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხისა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის’’ დაფუძნების საკითხიც განიხილეს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრის მიზანი თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობაა. მიუხედავად 19 დეპუტატის წინააღმდეგობისა, საბოლოოდ, თბილისის საკრებულომ „თბილისის მეწარმეობის ცენტრის“ დაფუძნებას მხარი დაუჭირა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, ცენტრს ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს.