თარაშ შურღაიამ ომში დაღუპული ჯარისკაცის დედას დედის დღე მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ დედის დღე აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის დედას მზია გოროზიას მიულოცა.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, თარაშ შურღაია მზია გოროზიას ბიუროს თანამშრომლებთან ერთად სახლში ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დეპუტატი გმირ დედას საჭიროების შემთხვევაში გვერდზე დგომასა და დახმარებას დაჰპირდა. მზია გოროზია აფხაზეთიდან დევნილია. 1993 წელს აფხაზეთის ომში მისი ერთადერთი შვილი, 16 წლის მალხაზ გოროზია დაიღუპა. მარტოხელა ქალბატონი ახლა დიღმის მასივში, ლტოლვილთა საცხოვრებელში ცხოვრობს. მზია გოროზიამ დეპუტატს ყურადღებისთვის და მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.