"უკრაინაში მოვლენები იმ სცენარით ვითარდება, როგორც საქართველოში ხდებოდა"

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მკაცრად გმობს,- ამის შესახებ მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული. სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადების თანახმად, ყირიმში დღეს მიმდინარე მოვლენები გაგრძელებაა რუსეთის იმ პოლიტიკისა, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში განახორციელა.
„უკრაინაში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ხდებოდა ექვსი წლის წინ. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ნატოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს, მკაცრ განცხადებებთან ერთად მიიღონ ქმედითი ზომები ვითარების განმუხტვისთვისა და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. უმოქმედობის შემთხვევაში მივიღებთ კონფლიქტის ახალ კერას, ახალ ოკუპაციას და წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლს. საფრთხე ექმნება არა მხოლოდ უკრაინას, არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო სტაბილურობასა და წესრიგს.
ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის სივრცეში მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უსწრაფესი და ეფექტური საშუალება არის საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება; მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო დააჩქაროს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება და საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების დროულად დასრულება.
უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს 2014 წლის სამიტზე მოკავშირეებმა დადებითად გადაწყვიტონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხი. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარის თქმამ რუსეთს ერთგვარად ხელფეხი გაუხსნა აგრესიული მოქმედებებისთვის. იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ. ჩვენ სრულ თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე უკრაინელ ხალხს და მის ხელისუფლებას, რომელსაც სურს იხილოს საკუთარი ქვეყანა გაერთიანებული ევროპული დემოკრატიების ოჯახში და ამ მიზნისთვის თავისუფლად მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები