საკრებულოში ფიდეს მსოფლიო გრან-პრის ვაჟთა შორის ტურნირის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თბილისში მიმდინარე ფიდეს მსოფლიო გრან-პრის ვაჟთა შორის ტურნირის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ევგენი ტომაშევსკი გახდა, რომლის პარტიაშიც, ჩემპიონატის დაწყებისას, პირველი სვლა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გააკეთა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, თბილისის მერი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ცნობილი მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. თბილისში ჩატარებული ტურნირის ფინალისტები ფულადი პრემიითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ფიდეს მსოფლიო გრან – პრის გათამაშება ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად გაიმართა და ასეთ ღონისძიებებს საკრებულო ყოველთვის დაუჭერს მხარს. თბილისის ტურნირი 2014-2015 წლებში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო გრანპრის ოთხი ეტაპიდან ერთ-ერთია და მასში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. აღნიშნული ჩემპიონატი დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის მერიის, ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.