„თუ ეროვნული ბანკი გამოიყენებდა რეზერვების შედარებით მეტ წილს, ხალხი ნაკლებ ზარალს მიიღებდა“
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას თქმით, ხალხმა მარტივად უნდა იცოდეს, რომ თუ ეროვნული ბანკი გამოიყენებდა რეზერვების შედარებით მეტ წილს და თან დროულად, მაშინ ხალხი დაცული იქნებოდა ფსიქოლოგიური შოკისგან და პანიკისგან; ფასები უფრო ნაკლებად მოიმატებდა და კრედიტების გამო უფრო ნაკლებ ზარალს მიიღებდნენ. ამის შესახებ გამზარდია ფეიბსუქის პირად გვერდზე წერს. როგორც გამზარდია განმარტავს, მას ამის თქმის საფუძველს წამყვანი ეკონომისტების შეფასებები აძლევს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი, რეზერვის მხოლოდ უმცირესს ნაწილს იყენებს პრობლემების დასარეგულირებლად.
“წამყვანი ეკონომისტები თანამიმდევრულად აცხადებდნენ, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც რეზერვის მხოლოდ უმცირეს ნაწილს იყენებს პრობლემების დასარეგულირებლად, ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიდის, და რომ ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლიტიკური მდგენელია („ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანიშვნა და მათი პოლიტიკური ზეგავლენა დღემდე). ეს მიდგომა წამყვანი ეკონომისტების პოზიციებია და მათ ვეყრდნობი. ამიტომ, ხალხმა მარტივად უნდა იცოდეს, რომ თუ ეროვნული ბანკი გამოიყენებდა რეზერვების შედარებით მეტ წილს და თან დროულად, მაშინ: ხალხი დაცული იქნებოდა ფსიქოლოგიური შოკისგან და პანიკისგან; ფასები უფრო ნაკლებად მოიმატებდა; თქვენი კრედიტების გამო უფრო ნაკლები ზარალი გექნებოდათ და ა.შ. ეკონომისტების არაერთი რეკომენდაციაც იყო საამისოდ, რადგან სხვა ქვეყნები უფრო მეტ წილს იყენებენ რეზერვების და გარემო ფაქტორებს ამით მეტ წინააღმდეგობას უწევენ. ასე რომ, მადლობა ამდენი ნერვიულობისთვის, ზარალისთვის და ა.შ მნიშვნელოვნად ეკუთვნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მის პოლიტიკურ ინტერესს.
ცხადია, მე ვმსჯელობ საზოგადოებრივი პროცესების მართვის კუთხიდან და პოლიტიკურ მდგენელზე და არა ეკონომიკური კონტექსტით. მარტივად აგიხსნით ქადაგიძის ქმედებების პოლიტიკურ წინაპირობებს.
ეკონომისტების პოზიცია არის ასეთი: 1. სებმა დააგვიანა ჩართვა. 2. სების ძალისხმევა მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე იყო. და ა.შ. ამგვარი პოზიციები აჩვენებს ორ შესაძლებლობას, ერთი, არკომპეტენტურ მიდგომას, მეორე მიზანმიმართულ მიდგომას სების მხრიდან; რამდენადაც ქადაგიძეც და მისი გუნდიც კვალიფიციური და კომპეტენტური ხალხია, ცხადია, ლოგიკური ხდება იმის შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერს სხვა მოტივები ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი და ამის შესაძლებლობა ძალიან მაღალია. რამდენადაც ქადაგიძე წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანიშნულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პირს, ეს კიდევ უფრო ზრდის მის ქმედებაში პოლიტიკურ მდგენელს“, – წერს გამზარდია.