ბათუმში დედამ რვა თვის ბავშვი ნაქირავებ ბინაში მიატოვა (ვიდეო)
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში, მესხეთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დედისგან მიტოვებული ჩვილი იმყოფებოდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ. როგორც გაირკვა, 8 თვის ჩვილი დედამ ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 თვის გოგონა ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.