“ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!”- ხვალ საქართველოს ხუთ ქალაქში აქცია გაიმართება

ხვალ, 14:00 საათზე, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში (პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი), ქუთაისში (მინდიაშვილი-აღმაშენებლის კვეთა, წმ ბარბარეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია), ზუგდიდში (ბულვარის მიმდებარე ტერიტორია), გორსა (იუსტიციის სახლთან) და თელავში (თეატრის წინ, ერეკლე მეორეს N7) საგზაო უსაფრთხოების აქციას გამართავს.
როგორც “კვირას“ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო მძღოლებს მოუწოდოს, გზა დაუთმონ ქვეითებს ქვეითთა გადასასვლელებზე.
აქცია, რომელშიც სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება, რომელშიც ახალგაზრდა ქვეითები დაიღუპნენ.
მონაწილეები ცენტრალურ ქუჩებზე საინფორმაციო ბანერებით ხელში ერთი საათის განმავლობაში აქციას გამართავენ და ქვეითებსა თუ მძღოლებს სლოგანებიან სტიკერებს დაურიგებენ. აქციის სლოგანია: “ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!” ღონისძიებაში მონაწილეობენ პარტნიორი ორგანიზაციები: “საქართველოს წითელი ჯვარი”, “იარე ფეხით”, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, სადაზღვევო კომპანია “აისი ჯგუფი”, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ასოციაცია “ათინათი”, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

11039422_348510472021809_756148345_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები