„ბათუმი თაუერი“ იყიდება
„ბათუმი თაუერი” საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდა და ის 56 547 500 ლარად იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. აუქციონი 25 თებერვალს გამოცხადდა და 11 მარტს, 17:00 საათზე დასრულდება.
აუქციონზე გამოტანილია 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა და ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, „მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი” და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი.
პირობების ჩამონათვალია: ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 8 000 000 აშშ დოლარის გადახდა; შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში 15 000 000 აშშ დოლარის გადახდა; შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში 20 000 000 აშშ დოლარის გადახდა; შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა. საპრივატიზებო ქონების ბაზაზე სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობის/რეკონსტრუქციის და მისი მოწყობა-აღჭურვის წარმოების პროცესში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით უზრუნველყოს 15 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ რამდენიმე ობიექტის გაყიდვა ლარის კურსის გამყარების მიზნით გადაწყვიტა. „ბათუმი თაუერი” სწორედ ამ ობიექტებს შორის მოხვდა.