მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში აღდგება
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად მოინახულა.
მერიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლის მოწყობა. სამფენიანი საფუძვლის შემდეგ, მოეწყობა ბორდიურები. დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა. მათ შორის ზედა ფენა მოდიფიცირებული ასფალტით გაკეთდება, მოეწყობა ტროტუარები. მიწის სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს საყრდენი კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შემდეგ კი მოეწყობა არმირების ბადე. რაც შეეხება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებს, უკვე მოეწყო წყალსადენის ორი ხაზი, სადრენაჟე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ასევე, „ახალი ქსელების“, „თელასის“, „სილქნეტის“, „დელტაკომის“ ქსელები.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე 24-საათიანი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. „კედელი რომელიც ჩამოიშალა, აღდგენილია და ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო. ახლა, პრაქტიკულად, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა, გზის საფარის ქვედა ნაწილის მომზადება, რის შემდეგაც დაიგება ასფალტი. ჯავახიშვილის ქუჩაზე მინიმუმ, ათი წლის განმავლობაში რაიმე სახის მიწისქვეშა სამუშაო საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, უკვე დასრულებულია საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოები.
„თუ ამინდი ხელს არ შეგვიშლის, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად ერთ კვირაში აღდება. ქუჩაზე დაიგება მოდიფიცირებული ასფალტი, რაც თბილისში ჯერ არსად გამოყენებულა. ქუჩას ექნება ლამაზი იერსახე, გვექნება ძალიან კარგი საფარი, რომელიც იქნება უფრო მეტად გამტარუნარიანი და მეტი გამძლეობის“, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა.