გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებას, რომ ეროვნულ ბანკს სწრაფი დევალვაციის დროს ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში მეტი წვლილის შეტანა შეეძლო, უსაფუძვლოს უწოდებს.
ქადაგიძის თქმით, ეკონომიკის ანბანია, რომ ვალუტის გაუფასურების დროს ბაზრის მონაწილეების მხრიდან აჟიოტაჟური ქცევა სავსებით ნორმალურია.
“უარყოფითი ეკონომიკური მონაცემების პირობებში, როდესაც ადგილი აქვს ვალუტის გაუფასურებას, აჟიოტაჟური ქცევა ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის სავსებით ნორმალური მოვლენა. ეს არის ეკონომიკის ანბანი. აჟიოტაჟურ ქცევას შველის სწორი კომუნიკაცია, სწორი გზავნილები და არა – გაზრდილი ინტერვენციები. კიდევ უფრო დიდი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, შეგახსენებთ, რომ მხოლოდ თებერვლის თვეში ჩვენი რეზერვებიდან დავხარჯეთ 120 მილიონი დოლარი. ამ რეზერვის ხარჯვის დანიშნულება არის იმ მერყეობის აცილება, რომელიც გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ეს ბრალდება არის აბსოლუტურად მოკლებული საფუძველი”, – განაცხადა ქადაგიძემ.